რისგან და როგორ მზადდება ჩიჩილაკი




საინტერესოა ჩიჩილაკის დამზადების წესი. კალანდობის მზის სხივები ჩიჩილაკის ბურბუშელაა, თავად ჩიჩილაკი - მზეა.

ამისთვის მოჭრიდნენ ერთი მეტრი სიგრძის თხილის მომცრო ჯოხს. მოქნილობის შესამატებლად გაახურებდნენ ცეცხლზე და იწყებდნენ მის დამუშავებას. ჯერ კანს გააცლიდნენ, გაასუფთავებდნენ შემდეგ მახვილი დანით იწყებდნენ წვრილი უწყვეტი ბურბუშელის აცლას ისე, რომ ბურბუშელას თითქმის ჯოხის მეორე ბოლომდე გაიტანდნენ, შემდეგ აკეცავდნენ და ძირს დაუშვებდნენ.

ასეთი წესით უამრავი ბურბუშელა აიჭრებოდა და ჩიჩილაკის ღეროც თანდათანობით იფარებოდა საფარით - " ბასილას” ან "ჩიჩილაკის “ წვერებით.

ჩიჩილაკის ღეროს "წვერების “ თავმოყრის ადგილას ჩამოაცვამდნენ და მიამაგრებდნენ მწვანე ფოთლებით და კურკანტელას წითელი ნაყოფით მოწნულ რგოლს, კალპს ისე, რომ "ჩიჩილაკის წვერები” ამ რგოლთან დაფენილ სხივებად ეშვებოდა ძირს, კალპს ზემოდან ღეროს ჩამოაცვამდნენ ყველითა და კვერცხით შეზავებულ გულამოჭრილ სპეციალურ კვერცხს, გოკელს. ამის შემდეგ ჩიჩილაკის ღეროს წვერზე ჯვარის სახედ ჩასვამდნენ ორ ჯოხს, რომელთა ბოლოებზე ამაგრებდნენ ორ ბროწეულს ან ვაშლს და ორ სპეციალურად გამომცხვარ სფერულ კვერს "ყვინჩილას".

ჩიჩილაკზე ცოდნიათ აგრეთვე გაპუტული შაშვის ჩამოკიდება, რომელსაც მხოლოდ ბოლოს დაუტოვებდნენ. ჩიჩილაკზე ძვირფას სამკაულებსაც ჰკიდებდნენ, თუკი სახლში ექნებოდათ.


)