კასპი, რკონის ხეობაში შერეული ტყის ქვედა საფარი იწვის


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ტყის და მინდვრის ხანძრების ქრობას. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია 11 კერა, სადაც გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

მათ შორის ერთ-ერთი კერა შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტშია.

კასპი, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მოყინული და დაზიანებული გზის საფარის მიუხედავად, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ავტო ტექნიკა. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები და 3 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა.

ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 243 ხანძრის კერა, რომელთაგან 232 უკვე ლიკვიდირებულია.

ამ დროისთვის ყველა კერაზე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. მზადყოფნაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო ტექნიკა ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში, თუმცა ამ დროისთვის არც ერთ კერაზე საჭიროება არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.


)