კასპის მუნიციპალიტეტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება


კასპის მუნიციპალიტეტი უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც მსოფლიოში 1991 წლიდან ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება. კამპანია მიზნად ისახავს 16 დღის განმავლობაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.

"ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რომელიც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით. მათ შორის, დაიხვეწა კანონმდებლობა, შეიქმნა დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები ძალადობის მსხვერპლთათვის და გაძლიერდა ინსტიტუციური მექანიზმები. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ითქვას, რომ პრობლემა კვლავ აქტუალურია, რასაც კიდევ უფრო ართულებს პანდემიის შედეგად გამოწვეული გარემოებები.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ, რომ თვალის დახუჭვა, გულგრილობა, გვერდზე გადგომა დაუშვებელია. თითოეული ადამიანის ერთი ზარი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სხვა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად." - წერს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში.


)