8 რჩევა მათთვის, ვისაც სამსახურში ლანჩის ტარება უნდა


ლანჩის სამსახურში ტარება არც ისე რთული მოსაგვარებელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამ სტატიაში გიზიარებთ სამსახურში კვების რამდენიმეწლიანი გამოცდილებით მიღებულ რვა რჩევას. ეს გამოცდილება ზოგჯერ პოზიტიური იყო ხოლმე, ზოგჯერ კი - არც ისე, ბევრი შეცდომა დავუშვი, ბევრჯერ მომიწია ბოლო წუთას მიტანის სერვისით სარგებლობა ან სულაც მშიერი დარჩენა, მაგრამ იქნებ ეს ეკლიანი გზა ამ სტატიამდე მოსასვლელად და თუნდაც ერთი ადამიანის შთაგონების წყაროდ გახდომად ღირდა!

1. წინასწარ დაგეგმვა

Premium Photo | Flat lay with paper bag, vegetables and fruits on blue

პირველი და უმთავრესი რჩევა მათთვის, ვისაც სამსახურში ლანჩის ტარების ჩვევის გამომუშავება უნდა, წინასწარ დაგეგმვაა: შაბათ-კვირას კალამით და ფურცლით ან თუნდაც ტელეფონით შეიარაღება და იმის ჩამოწერა, რას შეჭამდით მთელი მომდევნო სამუშაო კვირის მანძილზე. ასევე შაბათ-კვირას მთელი კვირის საჭირო პროდუქტების მომარაგება და განსაზღვრა, როდის გექნება საკმარისი დრო იმისათვის, რომ ბრინჯი მოხარშო: სამშაბათს? თუ არა, სამშაბათს ბავშვის დაბადების დღეა. მაშინ ოთხშაბათს! ამიტომ ხუთშაბათსა და პარასკევს ბოსტნეულიანი ბრინჯის დღეები იქნება სამსახურში! ყველაფერი, რაც შეიძლება კვირას მომზადდეს და მომდევნო დღეების მანძილზე არ გაფუჭდეს, სასურველია კვირასვე, დიდი მზადების დროს დააორგანიზოთ: ბურღულეულის მოხარშვა, ბოსტნეულის მოთუშვა და ა.შ.

2. წინა დღის სადილი - მეორე დღის ლანჩია!

როგორ მოვამზადოთ კატლეტი არაჟნის სოუსში

მათთვის, ვინც სახლში თავად ამზადებს სადილებს, სამსახურის მენიუ უფრო იოლი შესადგენია. ამისათვის საჭიროა ცოტა მეტი პორციის მომზადება, ვიდრე ჩვეულებრივად კეთდება. დღეს კატლეტებია ოჯახურ მენიუში? ხვალ ეს კატლეტი იმპროვიზირებულ ბურგერად შეიძლება იქცეს სამსახურში. აჯაფსანდალი ცივიც კარგია და ცხელიც. ფლავი, ტოლმა, ლობიო, შემწვარი ქათამი, ყვავილოვანი კომბოსტო, პიურე - მთავარია იოლად ტრანსპორტირებადი იყოს, ყველაფრის ჩადება შეიძლება მეორე დღისთვის ლამაზ კონტეინერში. და შემდეგი მნიშვნელოვანი რჩევაც ზუსტად ესაა

3. კარგი კონტეინერები

მარტივი იდეა ლანჩისთვის - სამეფო ლანჩი - Borjomi - Gastronomy

რაც უნდა მოტივირებული იყოს ადამიანი, პირველივე დღეს, როდესაც წვნიანი ჩაექცევა ჩანთაში ან სალათის დრესინგი გამოჟონავს ლეპტოპზე, სახლიდან საჭმლის ტარების ყველანაირი მოტივაცია ქრება და წლები აღარ ბრუნდება. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ კარგი კონტეინერები მოიმარაგოთ! ზოგს პლასტმასის უყვარს, ზოგს - შუშა ურჩევნია. შუშა შედარებით მძიმეა სატარებლად, თუმცა ბევრად უფრო ჯანსაღი, თუმცა არსებობს პლასტმასები, რომლებიც სპეციალურად საკვების შესანახადაა შექმნილი და სპეციალური შემოწმება აქვს გავლილი. აზრი არ აქვს, როგორ კონტეინერზე შეაჩერებთ არჩევანს, მთავარია იყოს კარგი ხარისხის და იხურებოდეს ჰერმეტულად. ისეთ რამეებსაც კი, რასაც ერთი შეხედვით, სითხე არ გააჩნიათ, აქვთ უნარი, ჟონავდნენ მთელი დღე საცობში ჯაყჯაყის შემდეგ, ამიტომ მშრალ, უბრალო სენდვიჩსაც კი არ ჩავდებდი დამატებითი დაცვის გარეშე მნიშვნელოვან დოკუმენტებთან ან ტექნიკასთან სიახლოვეს. სხვათაშორის, იაფი და კარგი კონტეინერის მოვალეობას ასრულებს ხოლმე ქილები ხრახნიანი თავსახურით: მასში სალათაც კარგად თავსდება და წვნიანიც. წვნიანების წინ და უკან ტარების დიდი მომხრე, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვარ, უბრალოდ მოუხერხებელი მგონია ოფისში ლანჩის დროს ქილებიდან წუწაობა, თუმცა შედარებით უფრო სქელი წვნიანები - მაგალითად, ჩახოხბილი, ქილითაც კარგად ტრანსპორტირდება.

4. წინა საღამოს ჩალაგება

Pin de Mayra Janneth en Lonches para niños | Lunch nutritivo, Comida, Lunch  saludable recetas

ყველაფერი, რაც შეიძლება მომდევნო დღისთვის წინა საღამოს დაიგეგმოს - უნდა დაიგეგმოს. ეს მხოლოდ საკვებზე არ ვრცელდება: რაც მეტად იზრუნებს საღამოს შენ-ი მეორე დილის შენ-ზე, მით უფრო ბედნიერი იქნება მეორე დილის შენ-ი. წინა საღამოს ჩალაგებული ლანჩი მაცივარში ინახება თავის კონტეინერში, ან შეიძლება ლანჩის ჩანთაშიც. დილას მხოლოდ მაცივრიდან მისი გამოღება და თან წაღება უნდა გაგახსენდეს, რისი შანსიც ბევრად უფრო დიდია, ვიდრე იმისი, რომ დილაუთენია, კბილების ხეხვის პარალელურად, ზაფხულის ტოლმას ალაგებდე კონტეინერში.

5. საყვარელი საჭმლის მომარაგება

სამსახურში წასაღები ლანჩების დაგეგმვისას შეიძლება უდიდესი შეცდომა დაუშვა: დაგეგმო ის კერძები, რომელსაც, შენი აზრით, უნდა ჭამდე, და არა ისინი, რომლებსაც გინდა, რომ ჭამდე. ჩემს წარმოდგენაშიც ყოველი იდეალური დილა იწყება ახლადდაწურული წვენით, გრძელდება სამი ფურცელი სალათით და სრულდება ბოლოს ვახშამზე ცოტაოდენი მაწვნით. ეს ჩემი წარმოდგენა კი საკმაოდ სცდება ხოლმე რეალურ სურვილებს: მძულს წვენის დაწურვა და ჩენჩოების გადაყრა, სალათის ფურცელი არასოდეს მანაყრებს და საღამოს საერთოდ არ მინდა არაფერი, რაც ცივი და მჟავეა.

მნიშვნელოვანია, რომ მთელი კვირის მანძილზე სამსახურში ისეთი კერძების წაღება დავგეგმოთ, რომლებიც მართლა გვიყვარს. როდესაც შენი საყვარელი ღომი და გებჟალია გეგულება კოხტა კონტეინერში, ნაკლებია შანსი, რომ პიცის გამოძახებაზე წაგიცდეს ხელი. თუ სალათების ჭამა არც სახლში გიყვარს, ოფისშიც ვერ აიძულებ თავს და აუცილებლად იპოვი მიზეზს, რატომ უნდა დალპეს მაცივარში სახლიდან წამოღებული სალათი, სანამ მეგობართან ერთად უახლოეს კაფეში ჭამ თავისი ზომისთვის შეუფერებლად ძვირ სენდვიჩს.

6. სასუსნაოები

მითია რომ ტკბილეული ხასიათს აუმჯობესებს | imedinews

სამსახურში 7, 8, 9 და ზოგჯერ მეტ საათსაც ვატარებთ. თუ რაიმე სუპერძალას არ ფლობ, ან შუალედური (ინტერვალური) შიმშილის გურუ არ ბრძანდები, შეუძლებელია დროის ამხელა მონაკვეთი მხოლოდ ერთი ლანჩის ხარჯზე გაძლო. თუ უჯრა გაქვს, აუცილებლად შეინახე იქ თხილი, ჩურჩხელა, ჩირი, ქიშმიში, შოკოლადი, მარილიანი ჩხირები - მოკლედ, ყველაფერი, რაც გიყვარს და რაც დაგეხმარება, რომ შიმშილის შემოტევისას წაიხემსო. ასევე, თუ ლანჩის დრო შეხვედრას ემთხვევა და ვერაფრით მოახერხებ სახლიდან წამოღებული გემრიელობების მირთმევას უახლოესი საათის მანძილზე, შენ კი ძალიან გშია, სასუსნაოები დაგეხმარება, ცოტა ხნით მაინც გადაავადო შიმშილი და მშვიდად დაესწრო შეხვედრას.

7. გეგმა “არიქა!”

რატომ არ ვაცხობ მე პურს სახლის პირობებში

ხანდახან ისე ხდება, რომ გეგმები ყირაზე დგება. შეიძლება წინა საღამოს ელექტროენერგია არ გქონდა, ან მოულოდნელი სტუმრები დაგაცხრნენ თავს და მთელი მომდევნო კვირის ლანჩის პროდუქტები შესანსლეს, ან უბრალოდ ვერაფრით აიძულე თავი, წვიმიან კვირა დღეს პროდუქტების საყიდლად გასულიყავი.

ასეთი დღეებისთვის შეგიძლია შეიმუშავო გეგმა "არიქა!" - ეს ის გეგმაა, რომელიც ძირითადი გეგმის არევისას აქტიურდება და არ მოგცემს საშუალებას, ბიუჯეტი ან ჯანმრთელობა შესწირო მოულოდნელ გარემოებებს. ჩემი გეგმა "არიქა" არის უახლოესი მარკეტი და ბოსტნეულის დახლი, სადაც ვყიდულობ ხოლმე პომიდორს, კიტრს, ცოტაოდენ ყველს და შავ პურს. მეორე "არიქა" არის ხაჭო, მაწონი და რაიმე სეზონური ხილი - კენკრა, ატამი ან ბანანი. მესამე "არიქა" მძიმე არტილერიაა: ტუნას კონსერვი, ცოტა მაიონეზი და შავი პური გემრიელ სენდვიჩს ქმნის სამიოდე წუთში. მეოთხე "არიქა"-ც მაქვს, მაგრამ იქამდე იშვიათად მიდის საქმე: ხრაშუნა პური (ე.წ., ხლებცი) და პაშტეტი. იდეალური კვირის მანძილზე არც ერთხელ არ მოგიწევს "არიქა", თუმცა ცხოვრება არაიდეალურია და "არიქების" არსებობაც მნიშვნელოვანია, სამაშველო რგოლებივით.

8. პატარა ნაბიჯები

ცხოვრება რომ არაიდეალურია, უკვე დავწერე, ხო? ამიტომ ბოლო რჩევა საკუთარი თავისადმი უფრო ლმობიერი მოპყრობაა მაშინაც კი, თუ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც დავგეგმეთ ან გვინდოდა დაგვეგეგმა. თუ ზოგადად სამსახურში საერთოდ არასოდეს დაგაქვს საკვები, შეუძლებელია უცებ ყოველ დღე ტარებაზე გადახვიდე, ამიტომ სჯობს პატარა ნაბიჯებით დაიწყო, მაგალითად, კვირაში ორჯერ მაინც წაიღო სახლიდან ლანჩი. შემდეგ, როდესაც კვირაში ორჯერ ლანჩის წაღებაში ექსპერტად იქცევი, კვირაში სამზე, ან თუნდაც ოთხზე ახვიდე. სულ მალე კვირის დაგეგმვასაც იოლად შეძლებ, ზუსტი დოზების განსაზღვრასაც და კონტეინერებში სადილების ყველაზე ეფექტურ განაწილებასაც.

ხანდახან თანამშრომლებთან ერთად პიცის შეკვეთაც კარგია - გუნდის ნაწილად რომ იგრძნო თავი, ხანდახან კი ისე ხდება, რომ უკვე ცხრა საათია, შენ ისევ მუშაობ, სასუსნაოების უჯრაც დაცლილია და წამოღებული ლანჩიც უკვე შეჭამე. ამიტომ აძლევ თავს უფლებას, მიტანის სერვისის აპლიკაციაში მოძებნო აი ის, თავის ზომასთან შედარებით შეუფერებლად ძვირი სენდვიჩი და მისი ლოდინისას წერდე სტატიას სახლიდან წამოღებული საკვების შესახებ. თუმცა როდესაც არსებობს დასახული გზა, იქიდან გადახვევის დროს იცი, როგორ დაბრუნდე უკან, თუნდაც პატარა ნაბიჯებით.


)