19 წელი 9/11-ის შემდეგ - საინტერესო ფაქტები


2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, ალქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე - დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.

2753 დაღუპულიდან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 1641

ტერაქტის დროს დაღუპული 2753 ადამიანიდან 16 წლის შემდეგ იდენთიფიცირებულია მხოლოდ 1641, აქედან 77% იყო კაცი, 23% - ქალი. დაღუპულების საშუალო ასაკი 38,5 წელია. ტერაქტის დროს დაიღუპა 5 წლამდე ასაკის სამი ბავშვი და 80 წელზე მეტის - სამი პენსიონერი. 11 სექტემბრის ყველაზე პატარა მსხვერპლი 2 წლის კრისტინ ჰენსონია, რომელიც მშობლებთან ერთად დისნეილენდში მიფრინავდა. 2001 წლის 11 სექტემბერს 3 051-მა ამერიკელმა ბავშვმა დაკარგა მშობლებიდან ერთი ან ორივე.

ტერაქტს ემსხვერპლა 87 სახელმწიფოს მოქალაქე. მათგან ყველაზე ბევრი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე (67 ადამიანი) აღმოჩნდა. ნანგრევებიდან ცოცხალი მხოლოდ 20 ადამიანი ამოიყვანეს.

ნანგრევების გატანას 261 დღე, ხანძრის კერების ჩაქრობას - 99 დღე დასჭირდა

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენების ნგრევას 2,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. შენობების ნგრევის დროს განადგურდა 1337 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის სახანძრო სამსახურის 91 მანქანა.

“ტყუპებთან” ერთად დაინგრა 47-სართულიანი შენობა (Building 7), რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის ნაწილი იყო. მას, რატომღაც, იშვიათად ახსენებენ.

ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ნაგვის გატანა 261 დღეს გაგრძელდა. ნანგრევების ტერიტორიაზე ხანძრის კერების ჩაქრობას 99 დღე დასჭირდა.

იღბლიანები და უიღბლოები

- 2001 წლის 11 სექტემბერს "ტყუპებში" უნდა გამართულიყო მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მფლობელი კომპანიის მმართველი რგოლის თათბირი. მაგრამ შეკრება, ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე, ერთ-ერთი მონაწილის ავადმყოფობის გამო გადაიდო.

- მას შემდეგ, რაც პირველი თვითმფრინავი ჩრდილოეთის ცათამბჯენს დაეჯახა, სამხრეთის ცათამბჯენში ადამიანები შენობის დატოვებას შეეცადნენ, მაგრამ მათ ადგილებზე დარჩენა ურჩიეს. ისინი, რომლებმაც რჩევას არ დაუჯერეს და გასასვლელისკენ გაემართნენ, დაცვის თანამშრომლებმა მაინც უკან გააბრუნეს. მათგან დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა.

- ოფიცერი ჯონ პერი თავის განყოფილებაში პოლიციიდან წასვლის შესახებ განცხადებას წერდა, როდესაც თავდასხმის თაობაზე გაიგო და "ტყუპებისკენ" დაშავებულთა დასახმარებლად გაემართა. ის ადგილზე იყო, როდესაც ერთ-ერთი ცათამბჯენი ჩამოინგრა, ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა. ჯონ პერი ერთადერთი დაღუპული ოფიცერია, რომელიც იმ დღეს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

- ტერაქტს საინვესტიციო ბანკის Cantor Fitzgerald Settles-ის თანამშრომელთა 75% ემსხვერპლა. კომპანიას ოფისი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში ჰქონდა. ბანკმა "ამერიკის ავიახაზებს" სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ მან თავის ავიალაინერებში ტერორისტების მოხვედრა დაუშვა. სასამართლომ ბანკის სასარგებლოდ ავიაკომპანიას 135 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

- 2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ში მოქმედი მუსლიმთა გაერთიანების (The Ahmadiyya Muslim Community) წევრებმა ტერაქტის შედეგად დაშავებულებისთვის 5285 ლიტრი სისხლი გაიღეს რამაც 30 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

- ვიკიპედიაში საკუთარი გვერდი აქვთ სალთის და როზელის - ლაბრადორის ჯიშის ძაღლებს, რომლებმაც უსინათლო პატრონი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის 78-ე სართულიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და მეგობართან სახლში მიიყვანეს.


როგორ ვაბანაოთ ჩვილი
)